„ქართუსაც“ შეუჩერდება მუშაობა და მის ფონდებსაც, მერე გააცნობიერებს, რას გამოჰკრა ხელი“
რას უნდა ველოდოთ ჯოზეფ ბორელის ვიზიტისგან, რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ (ასევე ოპოზიციამ), რათა წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი საფრთხის ქვეშ არ დადგეს, პრეზიდენტის როლი ამ ყველაფერში...
„გზამ“ კომენტარი საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს სთხოვა.
რომან გოცირიძე:
- ბორელის ჩამოსვლა იმას ნიშნავს, რომ უნდათ ჩვენთვის სტატუსის მოცემა, ოღონდ ცოტათი მაინც გავანძრიოთ ხელი და შეწყვიტოს ხელისუფლებამ მავნებლობები.
არასერიოზულია იმაზე საუბარი - ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას სტატუსი არ იქნებაო.
სტატუსის არმოსაცემად არ ჩამოდიან ქვეყანაში. ამის თქმას რამენაირად მოახერხებდნენ სხვა არხებით.
ბორელი იმიტომ ჩამოვიდა, რომ გვითხრას - სტატუსი იქნება, ოღონდ ცოტა ხელი გაანძრიეთ და მანამდე მეტი მავნებლობები არ ჩაიდინოთო.
უნიკალური ვითარება შეიქმნა - აქეთ გვეხვეწებიან და ეს მავნებლები (მთავარი მავნებელი) მხოლოდ პირად ინტერესებზე ფიქრობენ.
ასევე, არაფერი შეიცვლება არც ოქტომბრამდე და არც დეკემბრისთვის. დარჩება შეუსრულებელი ან ნაწილობრივად შესრულებული 12-დან 8 რეკომენდაცია.
ახლა უკვე ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა ავანსად, რეკომენდაციების შეუსრულებლად, დათქმით, რომ სამომავლოდ მთავრობა (იმედია არა ქართული ოცნების) დაადგება სწორ გზას.
საერთაშორისო უნიკალური ვითარებიდან გამომდინარე, სტატუსის მონიჭების შანსი უფრო მეტია, ვიდრე უარის თქმის. ვნახოთ.
უნდა შევეცადოთ, როგორც ოპოზიცია, ასევე მთელი საზოგადოება, რომ ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. მხოლოდ ზეწოლით არის ეს შესაძლებელი და ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ესეც საქმეა.
ისეთი ცვლილებები, რაც ივანიშვილის რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნებაში ცოტათი მაინც შეუშლის ხელს, მათი მხრიდან ნებაყოფლობით რომ არ მოხდება, ეს უკვე ბევრჯერ ვნახეთ.
თუ სტატუსი ვერ მივიღეთ, ივანიშვილს სანქციები არ ასცდება. „ქართუსაც“ შეუჩერდება მუშაობა და მის ფონდებსაც. მერე გააცნობიერებს, რას გამოჰკრა ხელი.
- რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს (ევროპულ ვიზიტებს) ამ ინტეგრაციის პროცესში?
- ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრების გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, თანაც მაშინ, როცა ამისთვის საკმარისი ხმები არა აქვს მმართველ პარტიას პარლამენტში, არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი.
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტები დამატებითი არგუმენტი შეიძლება გახდეს სტატუსის მიღების საქმეში.
ამასთან, „ქართული ოცნება“ იმპიჩმენტს იწყებს, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვიაო და ამის პარალელურად, თავად უტიფრად და ცინიკურად დაარღვიეს კონსტიტუცია -პარლამენტის სხდომების ნახევარზე მეტის გაცდენისათვის არ შეუწყვიტეს საპარლამენტო უფლებამოსილება დავით სერგეენკოს.
შალვა ნათელაშვილის მიერ სხდომების გაცდენა ისჯება და სერგეენკოს მიერ, არა? ლევან ვარშალომიძისთვის და სხვა ათამდე ოპოზიციონერისათვის ამავე მიზეზით დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციის დაცვაა და სერგეენკოსთვის არა?
„სერგეენკოსთან დაკავშირებით ჩვენი გადაწყვეტილება არის თანმიმდევრული და ვფიქრობ, თანაგუნდელის მიმართ გამოხატავს პატივისცემას“ - აი ეს არის ქართული ოცნების არგუმენტი - კლანური, ქურდული ტრადიციების სულისკვეთებით გამსჭვალული. ჩვენიანია და მასზე კანონი არ მოქმედებს, სულ ფეხებზე გვკიდია ხალხიც და კონსტიტუციაცო.
ისე, აგენტების კანონს მხარი რომ არ დაუჭირა და ერთკვირიან გმირად მოგვევლინა ბატონი სერგეენკო, ახლა როგორ გაამართლებს იმ ფაქტს, რომ უკანონოდ ზის პარლამენტში? არ აპატიებს ოცნება ვინმეს მორალურ უპირატესობაში ყოფნას. სინამდვილეში დასაჯეს და ქართული ოცნების ხმოსნობა მიუსაჯეს. „პარლამენტის ტყვე“ - რას არ იხილავ კაცი.
როცა კანონი არაფრად მიგაჩნია, ძალის გამოყენებით რომ გამოგყაროს ხალხმა იმ შენობიდან, ყველაზე სამართლიანი იქნება.
კონსტიტუციის დარღვევისკენ მოვუწოდებ, არა? რომელი კონსტიტუციის, სათქვენოდ რომ მოირგეთ, იმას გულისხმობთ?
როგორც იტყვიან, რაღაცას გაიჩალიჩებენ ესენი!
წყარო: "გზა"