მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ იზრდებოდა საქართველოში ბავშვი საინგილოდან და რას ფიქრობს ის ჩვენს დღვანდელ ყოფაზე - 03 ნოემბერი 2023

ხანდახან ვფიქრობ, გარემო ასე რადიკალურად რატომ უნდა შეცვლილიყო?..

საქართველოს დედაქალაქს ბევრი შეუფარებია და ცხოვრების გზაზე დაუყენებია. ალბათ ამიტომაც თბილისი არის ურთიერთობა, ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო მნიშვნელობით. აქ ერთხელ ჩამოსული ადამიანი მას ვეღარასოდეს ტოვებს, თუნდაც გეოგრაფიული დაშორიშორების მიუხედავად. 

ჩვენ ზაქათალის რაიონის სოფელ მოსულის (ჰერეთი, საინგილო) მკვიდრს, ბატონ რეზოს (გვარს მიზეზების არ ვასახელებთ) ვესაუბრეთ.

- საინგილოდან თბილისში 1960 წლის სექტემბერში ჩამოვედი. 64 წელში დავამთავრე 57- საშუალო სკოლა, ხოლო 68-ში . ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი. მაშინდელი საზოგადოება სხვა მენტალიტეტით, ინტერესებით გამოირჩეოდა - ჩაცმულობიდან დაწყებული ქცევებით გაგრძელებული. უმცროს-უფროსობა ირჩეოდა, მეტი ურთიერთობა და პატივისცემა იყო, ვიდრე დღესაა.

ვაკის საბავშვო სახლში ვიზრდებოდით ოსებთან, აფხაზებთან, სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად. ჩვენგან განსხვავებით თითქმის ყველა მათგანი იყო მშობლების გარეშე დარჩენილი. თავიდანვე კარგად მიგვიღეს, მეგობრულად ვიზრდებოდით. მასწავლებლები ცოტა შორიდან ჩამოსულებს უფრო კარგად გვეპყრობოდნენ, მეტად ზრუნავდნენ ჩვენზე. მახსოვს აღმზრდელები მიხეილ კანდელაკი და თამარ დავითაშვილი. მესამე ჯგუფის მამასახლისი ვიყავი, სულ სამი ჯგუფი იყო 15-20 კაციანი. რეჟიმით გვაცხოვრებდნენ, სასმელ-საჭმელი, გართობა არ გვაკლდა.

ხანდახან გაგვახსენდებოდა საინგილო, ჩვენი სოფელი და ოჯახი, ნელ-ნელა მივეჩვიეთ. ჯგუფებში ჩვენი აღმზრდელები იყვნენ ზინა ბზუკაშვილი, მარო ფაღავა, იმენა მარღიშვილი... დირექტორი ქუთათელაძე ჩვენთან ფეხბურთსაც კი თამაშობდა. პატარებს სულ გველაპარაკებოდა, ყურადღებას არ გვაკლებდა. მოგვიანებით, როცა ვაკის საბავშვო სახლი დიღმის მასივში გადავიდა, კიდევ ერთხელ შევხვდი ჩემს მასწავლებელს, უკვე ასაკოვან იმენა მარღიშვილს.

ენების შესწავლა სკოლაშივე დავიწყე და ბოლო კლასში ყოფნისას სამეურნეო ანგარიშით უცხო ენათა ინსტიტუტში კურსებზე დავდიოდი. გამოყოფილი ლიმიტის (მაშინ ინგილოებს შეღავათს გვიწევდნენ) მიუხედავად, კონკურსში გამიყვანეს და ჯგუფში მესამე ჩავირიცხე. სტუდენტობისას პროფკავშირის კომიტეტის წევრი ვიყავი, მიყვარდა სპორტი, თითქმის ყველა სახეობაში მონაწილეობას ვიღებდი.

ინსტიტუტში ვმეგობრობდი მწერალ და მთარგმნელ (პოლონურიდან) ჯემალ ჭელიძესთან. მერე ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა წლების განმავლობაში. მახსენდება მზია დარბაისელი (ჯგუფხელი), ცისანა საგინაშვილი, ციზო სარალიძე, გიული მოლაშვილი, ჟღენტი რომლის სახელს ვეღარ ვიხსენებ. დეკანი ნელი კრავეიშვილი, თამარ და ისიდორე გვარჯალაძეები მასწავლიდნენ სპეციალობას და ენის სწავლების მეთოდიკას, ლონდონში გაზრდილი და-ძმა. ასევე, ლია გაბეჩავა, ლია კაპიანიძე...

ინსტიტუტის დამთავრების წელს 22-სართულიანი სასტუმრო ივერია იხსნებოდა. დეკანმა მითხრა, გაგანაწილებ და წადი თარჯიმნად იმუშავეო; პირველ ხანებში ცოტა გაგიჭირდება, მერე ხელფასი მოგემატება, ბინასაც მოგცემენო. მაინც სოფელში დაბრუნება ვარჩიე. ძირითადად იმიტომ, რომ იქაურ სკოლაში ინგლისურს არავინ ასწავლიდა. რადგან საინგილოში კადრების ნაკლებობა იყო, დაბრუნება გადავწყვიტე.

თბილისში პერიოდულად მოვდიოდი, ვცდილობდი ურთიერთობები შემენარჩუნებინა. 9 აპრილის ტრაგედიის წლისთავზე (90 წელს) დიდი მანქანით (კოლმეურნეობამ მოგვცა) ჩამოვედით თბილისში და ჩვენებური თხილი ჩამოვიტანეთ. შეგროვებაში მთელმა სოფელმა მიიღო მონაწილეობა. თბილისის 155- საშუალო სკოლას გადავეცით ფილარმონიის მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც იყვნენ 9 აპრილს შეწირულები - თამრიკო ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი. მაშინ ბაშალეიშვილის საფლავზეც ავედით, სადაც მამამისი დაგვხვდა...

შემდეგ იმ დღესვე მთავრობის სასახლის წინ მიტინგზე დავესწარით. მახსოვს სიტყვით გამოვიდნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები.      

მერე ქვეყნად ყველაფერი შეიცვალა, უფრო სწორად ძველი ფორმაცია დაინგრა... 90-იანებში აქ ჩამოსვლა უკვე საშიში გახდა - ავტომატის განუწყვეტელი კაკანი ისმოდა მითუმეტეს ღამ-ღამობით, ამ ყველაფერმა ხალხის ფსიქიკა შეცვალა. ბევრჯერ შევხვედრივარ ავტობუსსა თუ ტროლეიბუსში ჩხუბს ..ზვიადისტებსა და შევარდნაძის მომხრეებს შორის. ქვეყანა აგრესიულ გარემოში გადაეშვა. ყველაფერი იმდენად გამოიცვალა, რომ ვეღარ ვცნობდი აქაურობას, ხალხს.

სკოლაში 44-წლიანი მუშაობის  განმავლობაში ვიყავი ორგანიზატორი, დირექტორი. 54 წლის შემდეგ პირადული (ოჯახური) მიზეზების გამო ისევ თბილისში დავბრუნდი დროებით.

- სკოლაში თბილისის მხრიდან მხარდაჭერას რამდენად გრძნობდით?

- ადრე ძალიან გვეხმარებოდნენ. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან (მათ შორის ფიზკულტურის კომიტეტიდან) გვსტუმრობდნენ, ჩამოჰქონდათ სასკოლო წიგნები და ინვენტარი. მახსოვს თბილისელმა გულო ერისთავმა (ჩვენებური ზურაბ ერისთავის მეუღლემ) სულაც გერმანული წარმოების როიალი გვაჩუქა, რომელიც სამასწავლებლოში ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გვედგა. მე როგორც ხელმძღვანელი ყველანაირად ხელს ვუწყობდი ქართული სექტორის, მთლიანად სკოლის გაძლიერებას.

მჭიდრო ურთიერთობა დავამყარეთ ქალაქ რუსთავის მეათე საშუალო სკოლასთან. იქიდანსაინგილოს დახმარების საზოგადოება“, პირადად მისი თავმჯდომარე თამაზ კვარაცხელია აქტიურობდა. ასევე, ვმეგობრობდით დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის (მდინარე ალაზანზე ჩვენი უშუალო მეზობლები არიან) სკოლასთან. მეზობელი ალიაბადი (ელისენი) ლაგოდეხის სოფელ ნინიგორს ემეგობრებოდა.

ახლა რამდენიმე თვით თბილისში ცხოვრება მომიწია. როგორც გითხარით, ახლანდელსა და ჩვენ ჩვენ დროს შორის უზარმაზარი კონტრასტია. აზროვნება, ფსიქოლოგია, დამოკიდებულებები რადიკალურად შეიცვალა.

- მაინც ძირითად სხვაობას რაში ხედავთ?

- თაობები შეიცვალა. აქ ვასილ მჟავანაძის მმართველობიდან მოყოლებული მიცხოვრია, დღეს უკვე ღარიბაშვილია პრემიერი. სიმართლე გითხრათ, ადრინდელი ცხოვრება უფრო მოსაწონი იყო. დღეს ყველა და ყველაფერი გაუხეშებულია. უხეში სიტყვები ადამიანებს შორის, უპატივცემულობა. ხანდახან ვფიქრობ, გარემო ასე რადიკალურად რატომ უნდა შეცვლილიყო და პასუხი არ მაქვს. მესმის, რომ ყოველ თაობას თავისი ნიშან-თვისებები აქვს, ადრინდელი რაც კარგი იყო ისიც იკარგება. 

ადრე მთავრობა არავის აინტერესებდა, ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდა. დღეს ტელევიზორს ვერ ჩართავ, ყველა ყველას ლანძღავს და აგინებს. რა თქმა უნდა, ოპოზიცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ ამ დონის ურთიერთგადაკიდებაც მიუღებლად მიმაჩნია. ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა ჩემი პატარაობისას მსგავსი არც კი გვესმოდა.

მეორე მხრივ, აქ დღესაც რომ გაიგებენ ინგილოები ვართ, თბილად გვიღებენ და ის ძველი პატივისცემა შენარჩუნებულია. ამ მხრივ არანაირ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით, გინდა ქუჩაში, დაწესებულებებში.

დღეს ახალი თაობა უფრო მომთხოვნია, მეტი ინფორმაცია და გასაქანი აქვთ. ჩვენ დროს რამდენიმე გაზეთი გამოდიოდა და ჟურნალი დროშა. ტელევიზორში მარტო საქართველოს პირველ პროგრამას ვუყურებდით, ახლა უამრავი არხი, ბეჭდვითი გამოცემებია. ყველას ხელში ტელეფონი უჭირავს, ადამიანები უკვე ერთმანეთის მაგივრად ტექნიკას, ახალ ტექნოლოგიას ელაპარაკებიან. უკან როცა ვინმე მოგდევს, გგონია სამ კაცს ელაპარაკება და ამ დროს მარტოა ტელეფონშია თავჩარგული.

- პოზიტიურს რაში ხედავთ?

- პატარაობიდან მოყოლებული აქ ყველაფერი მინახავს - გაჭირვება, ლამის შიმშილი და ასე შემდეგ. იყო ისეთი დროც, პური არ გვქონდა გვეჭამა; დავუშვათ ხრუშჩოვის დროს ასეც ხდებოდა. მარტო საბავშვო სახლს კი არა, მთელ მოსახლეობას უჭირდა, პურის რიგებში ვიდექით ხოლმე. ახლა ყველაფერი ბევრია - გინდა საკვები და გინდა ჩასაცმელი. მაშინდელ ფულსაც სხვა ძალა ჰქონდა, რომ იტყვიან მანეთი მანეთობდა. ახლანდელ ლარს ნაკლები ძალა აქვს. თუ ადრე ათ კაპიკად ნახევარ პურს გვაძლევდნენ, დღეს ლარი და ოცდაათი თეთრი უნდა გადაიხადო. იმ ათკაპიკიან ნახევარ პურს ორნი ვჭამდით. იყო ხალხი 2-3 კაპიკის პური ჰყოფნიდა.

მთლიანობაში კი, თუნდაც 90-იანებთან შედარებით აქ მეტი სიმშვიდეა. შეგიძლია თავისუფლად იარო, ადამიანები ადრინდელივით ერთმანეთს გადაკიდებულები აღარ არიან, უაზრო კონფლიქტში აღარ შედიან. ეს ალბათ საფუძველია, რომ ხვალ ზეგ უკეთესობა იყოს ამ ქვეყანაში. 90-იანები აღარ უნდა მობრუნდეს, ადამიანების თუნდაც ეროვნების მიხედვით გაყოფა- დაპირისპირება არ უნდა ხდებოდეს. სწორი პოლიტიკით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გახდეს. ასევე მეზობლებთან უნდა ვიყოთ კარგ ურთიერთობაში. სახელმწიფო ასე უფრო წინ წავა, განვითარდება.

და კიდევ, მეზობელ აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი უნდა გაიხსნას. კოვიდპანდემიის დაწყებიდან მეოთხე წელია ჩაკეტილია, რაც ჩვენ ხალხზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ეს მაშინ ხდება, როცა სიტყვით საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედია საღი აზროვნება გაიმარჯვებს, მთლიანობაში ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია