მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„წამალდამოკიდებულება ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს“ - 10 დეკემბერი 2023

 

დროა პრემიერის პატრონაჟით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მწყობრად დადებს პროგრამას, როგორ ვმართოთ ურთულესი პრობლემა“

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ექიმი-ნარკოლოგების შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემების შემდეგ, ნარკოტიკების მოხმარება ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევაა. „ბნელი 90-იანებიდან  მოყოლებული ამ უბედურებას თაობები შეეწირა და უარყოფითი პროცესი დღესაც გრძელდება.

პროგრესული სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ნარკოდამოკიდებულის დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკას სასურველი შედეგები არ მოაქვს. პირიქით, პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს (აბევრებს) და ჩიხში აქცევს. ამიტომ ამოსავალი წერტილი ზიანის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რაც თავის მხრივ მხარეების პროაქტიულ ჩართულობას და რესურსებს მოითხოვს. 

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრისალტერნატივა ჯორჯიასმიერ მომზადებული ბოლო კვლევის მიხედვით, ექიმის დანიშნულების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. ავტორთა შეფასებით, ამგვარი შემცირება შესაძლოა, ნაწილობრივ გამოეწვია ბოლო წლებში ქვეყანაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე რეგულაციების გამკაცრებას. მარეგულირებელი ჩარჩოს ცვლილებასთან ერთად, დაინერგა სარეცეპტო ელექტრონული სისტემა და გამკაცრდა ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები აფთიაქებისთვის.

კვლევის შედეგებით, 2022 წელს (2015 წელთან შედარებით) ოდნავ გაიზარდა კანაფის მოხმარების მაჩვენებელი. ავტორთა შეფასებით, არაა ცალსახა კანაფის მოხმარების აღნიშვნის გაზრდილი მაჩვენებელი დაკავშირებულია კანაფის მოხმარების გაზრდასთან თუ ლიბერალიზაციის შედეგად გამოწვეულ გულწრფელობასა და სენსიტიური ქცევის აღიარებასთან. 

2015-2022 წლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამართლებრივი ცვლილება გატარდა კანაფთან მიმართებით. 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციურმა სასამართლომ მიიღო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიცვალა, როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობა, კერძოდ კი, გაუქმდა ადმინისტრაციული დაკავება და თავისუფლების აღკვეთა კანაფის მოხმარებაზე (გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის ხდება საჯარო სივრცეში ან არასრულწლოვანების თანდასწრებით).

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციამსოციალური სამართლიანობის ცენტრინარკოპოლიტიკის ძირითადი ტენდენციები შეაჯამა. წინა წლების მსგავსად, ნარკოპოლიტიკის სისტემური რეფორმირების საკითხი არც 2022 წელს ყოფილა პოლიტიკურად აქტუალური. შესაბამისად, კვლავაც დღის წესრიგში დგას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების კანონმდებლობაში ასახვის აუცილებლობა და საჯარო უწყებების მიერ არასრულყოფილი სტატისტიკის წარმოების პრობლემა.

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით ქვეყანაში მხოლოდ ფრაგმენტული და წერტილოვანი პროგრამები ხორციელდება, რაც ვერ უზრუნველყოფს მასშტაბურ და გრძელვადიან შედეგს. 2022 წელს რეგისტრირებული ნარკოტიკული დანაშაულის ჯამური მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 41%-ით გაიზარდა, ასევე გაზრდილია ნარკოტიკული დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელიც.

საჯარო უწყებების დიდი ნაწილი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულყოფილად ან/და ვადის არსებითი დარღვევით გასცემს. პრობლემურია სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგიაც, რაც ხელს უშლის ეფექტიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განსაზღვრას.

2022 წელს ნარკოტიკულ დანაშაულებში მსჯავრდადებულ პირებს ყველაზე ხშირად სასჯელის სახით ჯარიმა ენიშნებოდათ, ყველაზე იშვიათად კი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის მაჩვენებელი ბოლო წლებში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს ჯამში 415 პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, რაც ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდადებულთა საერთო რაოდენობის 11%- შეადგენს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წელს 13.7% იყო, 2020 წელს კი - 20%“, - აღნიშნულია კვლევაში (სრულად გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/jrMY8).

ვაკიდან დიღმის მასივამდე მგზავრობისას, ტაქსის მძღოლმა მოულოდნელად თბილისში „90-იანებისდაბრუნებაზე დაიწყო საუბარი. კონკრეტულად რას გულისხმობთ-მეთქი. - რას და, კარგად დააკვირდით, კორპუსის ძირები, პატარა ქუჩები შპრიცებით სავსეა, მეტი რა მსგავსება გინდათ, სულ ცოტა ხნის წინათ ასეთი სავალალო მდგომარეობა ნამდვილად არ გვქონდაო, - მეუბნება. დავეთანხმე, ბოლო დროს უსიამოვნო პარალელი სულ უფრო ხშირად ჩნდება.

ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი გასამხედროებული სტრუქტურის თანამშრომელი (საშუალო ასაკის) მეუბნება: - გადარეული ვარ, ჩვენთან სტუდენტებიც მსახურობენ და უმეტესობა კანაფის, იგივე მარიხუანის მომხმარებელია; უფროსი ასაკის ხალხი ვეუბნებით, ლამის ვეხვეწებით თავი გაანებონ და მის მაგივრად ზოგჯერ კარგი ღვინო მიირთვან. და რას გპასუხობენ-მეთქი. - კატეგორიულ უარზე არიან, რის ღვინო, როგორი ხარისხიანიც გინდა იყოს დალევა ცუდად გვხდის და მაგას ისევ მოსაწევი გვირჩევნიაო, - გვეუბნებიან.

- ვერაფრით ვარწმუნებთ საპირისპიროში და, ამაზე უარესი, კანაფის მოწევა 20-25 წლის გოგონებშიც მასობრივად მოდებულია. მართლა არ ვიცოდი აქამდე თუ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა გვქონდა, სამომავლოდ კარგ შედეგებს ნამდვილად არ მოგვიტანს, - მეუბნება.

კიდევ ერთი საშუალო ასაკის ნაცნობი მიყვება. - გოგო გავიცანი სოციალური ქსელიდან და შეხვედრაზე შევთანხმდით. ვკითხე, რა სასმელი წამოვიღო, რომელი გესიამოვნებათ-მეთქი. - არა, რას ამბობ, არავითარი სასმელი, მიდი ცოტა გაძვერი-გამოძვერი და კარგი მოსაწევი ამოიტანეო, - გაოგნებული დავრჩი, რადგანგოიმსწარმოდგენაც არ მქონდა ასეთი მოსაწევი სად უნდა მეშოვა. ისევმამაპაპურიშამპანურით ავედი და ჩვენი პირველი აუდიენციაც უშედეგოდ დასრულდა, - მეუბნება დანანებით.    

მტკივნეულ პრობლემაზე ქუჩაში საზოგადოების წარმომადგენლებიც გამოვკითხეთ. მოვუსმინოთ, მათივე თხოვნით, ვინაობის დასახელების გარეშე (საუბრის სტილი დაცულია):

მხოლოდ მცირე ნაწილი ანებებს თავს. ჩემი ბავშვობის მეგობარია მომხმარებელი 15-წლიანი სტაჟით. ძალიან კარგი ადამიანია, ეგ მინუსი აქვს. მუშაობს, კარგ ფულს შოულობს, ცოლი ჰყავს, შვილი. ფული არ ყოფნის, რა თქმა უნდა, და შეიძლება პერიოდულად მოგთხოვოს. გოგო მუშაობს ასევე და მშობლებიც ეხმარებიან. რაღაცნაირად აკეთებენ მენეჯმენტს. მშობლები რომ გარდაეცვლება, რა იქნება არ ვიცი. ამ ყველაფრის შემყურე ბავშვი როგორ გაიზრდება, ეგეც არ ვიცი. ვენებში რომ არ იკეთებდეს, ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი იქნებოდა, ძალიან ნიჭიერი და ქარიზმატულია, რად გინდა. მაინცისურჩევნია“.

ჩემი ახლობელი ძალიან შეცვალა წამალმა. გული მეტკინა, როცა რადიკალურად შეცვლილი ვნახე. გარეგნობით ისევ ისეთია, მაგრამ ისე ემოციურად მელაპარაკებოდა, მთელი ჩემი ენერგია და ნერვები წაიღო. წარმომიდგენია, ასეთი ადამიანების ცოლებს, ოჯახის წევრებს რა საშინლად უჭირთ. რა თქმა უნდა, ყველას უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს ზოგადად ნარკომანიის მიმართ, ძალიან მტკივნეულია როცა ისეთ ადამიანს ეხება, ვისთანაც ახლობლობა გაკავშირებდა თუნდაც წარსულში. აღარ არის ადეკვატური...“

ყველა აცნობიერებს რასაც აკეთებს. გამოსავალი მხოლოდ ერთია - მთელი ცნობიერების შეცვლა, რომელსაც ცოტა ახერხებს. ასევე მინდა გითხრათ, ბევრს უთქვამს - თავის დროზე რომ ვინმე დამდგომოდა გვერდში, იქნებ მეშველებოდა რამეო. ანალოგიურს ვიტყვი თამაშისადმი დამოკიდებულებაზე... გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ცოცხალი არებისთვის“.

გვერდზე დადგომა კი არა, ჩემს ახლობელს ყველა თავზე ჰყვება, მაგრამ ეგ არაა საშველი. ხსნა იწყება, როცა მაგ საქმეში შენივე თავი მოგბეზრდება“.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანაზე დამოკიდებულება საბავშვო ბაღია ოპიატებთან, „ქსინებთანდა მსგავს უბედურებასთან შედარებით, თუ დამოკიდებულია მაინც ნარკომანია“.

მე ვარ დამოკიდებული, ვმუშაობ საკმაოდ კარგ ადგილას, ვიხდი გადასახადებს და ასე შემდეგ. დღემდე სიტყვა ნარკომანს რომ ისმენთ, ის ტიპი გახსენდებათ, ტელეფონი რომ წაგართვათ და დაგალომბარდებინათ და ყველა ციხეშია ხომ გასაშვები? აბა ახალი რაღა გითხრათ, მე და ჩემნაირებს დახმარება და მკურნალობა გვჭირდება, თორემ ისედაც ვართ დასჯილები.“

თვითონ თუ არ გადაწყვიტა დანებება, ნაკლები შანსია რამე ეშველოს, რაც უნდა უჩიჩინო ან კლინიკებში ატარო. ტვინში უნდა გადაუტრიალდეს, ცნობიერება შეეცვალოს. ძალიან ვწუხვარ მათ გამო. ასევე, სენია დღესმოთამაშეობადა ამაზე ხმას არავინ იღებს. ამ კონტექსტში ნარკომანიაზე აღარც ვსაუბრობ...“

ნარკომანია ფართო ცნებაა და დეტალების გარეშე გაუგებარია როგორ უნდა მივხვდეთ, ეშველება თუ არა. იქნებ უბრალოდ მომხმარებელია და არა ნარკომანი? კონკრეტულად რა ნივთიერებებზეა ლაპარაკი? მეტამფეტამინზე თუზიხარ“, დიდი ალბათობით არ გეშველება; ასევეა, თუ ალკოჰოლზე ხარ მიჯაჭვული. ახლაპლანსთუ ეწევა ხშირად, ეგ იმდენად დიდი პრობლემა არ არის. ფიზიკურ დამოკიდებულებას რაც იწვევს (ალკოჰოლი, ჰეროინი და მისთ.) მაგ შემთხვევაში რთულია ძალიან თავის დაღწევა“.

ლომკათუ არ აიკიდა, არ მჯერა ვინმეს ნარკომანობის. თორემ ვართ კატეგორია, რომელიც წლებია ვეწევით და შიგადაშიგ ყველაფერი გაგვისინჯავს; მაგრამ არაფერზე ვზივარ მე პირადად. ის კი არა, სიგარეტს არ ვეწევი და ყავასაც არ ვსვამ. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ რაიმე ფიზიკური დამოკიდებულება არ გამაჩნია. რაც შეეხება ფიზიკურთან ერთად უკვე სულიერ მიჯაჭვულობას, ეგ უკვე სხვა დონეა და განსხვავებულ ყურადღებას მოითხოვს“.

სამწუხაროდ, ადამიანში რაღაც მნიშვნელოვანი იკარგება. მე მყავდა ასეთი ნაცნობი არქიტექტორ-მშენებელი, ნიჭიერი და ენერგიული. ცოლი, შვილი, მეორეც გააჩინეს მერე. თავისი სამშენებლო კომპანია - სახლები, აგარაკები, მანქანები, მოგზაურობები. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეგეთიჩაქცეულიმომხმარებელი იქნებოდა. ერთი ორი წელი აკონტროლა, როგორც ჩანს. მერე ერთხელაც კომაში ჩავარდა. ძლივს მოაბრუნეს საავადმყოფოში. იმის მერე აურია უსასტიკესად. საქმეში აღებული ფულები ვერ დააბრუნა, დაიწყო გარჩევები - „მომე - არ მაქვს ძმაო“, კომპანია გააკოტრა, ქონება ცოლზე ჰქონდა გადაფორმებული. ბავშვს გულის პრობლემები აღმოაჩნდა. მოკლედ, უბედური რამეა.

მეორე ახლობელი საერთოდ სტაჟსაც ვერ ეღირსა. ამფეტამინის ზედოზირებით... გაჩხირვაც არ ნდომებია თურმე მაგას, ტაბლეტებია რაღაც და ყლაპავ, ან წვავ და ისუნთქავ. ასეთი უფრო მეცოდება, სისულელით დაღუპული. „ერთხელ არ ითვლებაოდა ჰოპ, „პერედოზი“. და ქე რომ მოხარშავ, შეწვავ, მოხრაკავ, ვენასაც იპოვი, ნემსს იკეთებ და ამას 10 წელი რუტინულად იქცევი კაცი/ქალი, ეგ ავადმყოფობა არაა, ეგ ცხოვრების წესია და ვაღიარებ, ნაკლებად მეცოდება ეგ ხალხი“.

მეც ეგრე ვამბობდი, არ მეცოდებიან-მეთქი. მაგრამ ისეთ ადამიანს შეეხო, თანაც სასტიკად რომ...“

ზუსტად ეგ მოხდა ჩემი ახლობლის შემთხვევაშიც. გაუგებარია რანაირად შეეხო, დადგა დაჭამაერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე აღარ დაითვალა. თვლის თავიც აღარ აქვთ მერე, დოზიდან დოზამდე. აღარც არავის შვილია, არც ქმარი, არც მეგობარი, საერთოდ არავინაა, ზომბია უბრალოდ. ელაპარაკები და შუშის თვალებით გიყურებს. საშინელებაა და უფრო დიდი საშინელება ისაა, რომ ეს მათი არჩევანია“.

ნემსზე დამოკიდებულს თუ გულისხმობთ, მინახავს გამოსწორებულები, ოღონდ ის ნარკოტიკი ჩაანაცვლეს ყველანაირი მოსაწევით და სხვა რაღაცებით. ყველანაირად უარი რომ თქვას კაიფზე, არ მგონია ასეთი არსებობდეს. ახლაპლანისხშირად მოწევაც დიდი პრობლემაა. რაღაც მომენტში უფრო აშტერებს, ვიდრე წამალი. ვისაცპლანი ევასებადა წამლის კაიფს იკლავს, სულ მძიმე საშუალება უნდა და რეალურად შეიძლება დღეში ოცჯერ მოწიოს და სულ დაშტერებული დადის ფაქტობრივად. ორივეს მომხმარებლისგან მომისმენია წუწუნი თავიანთ გასაჭირზე, ვინც ცოტას მაინც ფიქრობს. ცოტა ხნის წინ ვნახე ნაცნობი, რომელიც 10 წელია არ მინახავს (ბოლოს რომ ვნახე არაფერს ეწეოდა, არც სიგარეტს). ახლაპლანზეიყო შემჯდარი და რომ ვნახეგასულიიყო ფხიზელიც, მეთქი რა სჭირს - სადღაც დაფრინავდა“.

მინახავს საკმაოდ ნაშველი ნარკომანები უფრო ეკლესიაში. უკვე წლები იყვნენ გამოჯანმრთელებული, მაგრამ რაღაც ნაკლი ჰქონდათ დარჩენილი - ზოგი კოჭლობით დადიოდა, ზოგსაც სერიოზული ნევროზი ჰქონდა. ერთი კი საერთოდ ვერ დადის, სხვა მხრივ სრულად თავისუფალია და ვერც იფიქრებ, რომ როდისმე წამალი გაუსინჯავს. ზოგი დაანებებდა, ისევ თავიდან დაიწყებდა. ნარკომანიის მთავარი მავნებლობა ის არის, რომ ადამიანს ცვლის პიროვნულად და ხდის ძალიან სათავისოს და ეგოისტურს - „მე მინდადა სხვა ყველაფერი სულ ერთია. ადამიანმა ეს პროცესი უნდა გააჩეროს საკუთარ თავში პიროვნულ დონეზე. ანუ პიროვნულად ძველ ადამიანად დარჩეს და ნათელი მოაზროვნე გონებაც შეინარჩუნოს, მაშინ დიდი შანსი აქვს, რომ როდისმე დაანებებს“.

ძალიან ცოტა ანებებს თავს ვისაც ვიცნობ, რომ გადავხედო ალბათ 5%. უმრავლესობა მეტადონზეა. ჩემი უბნელია ამ პროგრამაში, მეცოდება; თან სასმელსაც სვამს, მთელი დღე სძინავს. კი მოუკლო, 20 მილიგრამამდე ჩამოვიდა, მაგრამ... ამ მეტადონმა კი მოკლა ,,დვიჟენია", კრიმინალიც დაწია, რაც ნარკომანიასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ცოდვაა ეს ხალხი, ბევრს გამოსვლა უნდა პროგრამიდან და ვერ გამოდის. ყველაზე დიდი ჭაობი მეტადონია და დახმარება სჭირდებათ პროფესიონალების, როგორც ექიმების, ასევე ფსიქოლოგების მხრიდან. ეგრეა მოთამაშეც. ბოლო 10-15 წელიწადში ეს უფრო დიდი სენია სლოტების თუ რაცაა, ვიდრე ნარკომანია. ჰო, კიდევ ლეგალიზაციას ვინც აწვება მძიმე ნარკოტიკების, წარმოდგენა არ აქვს რა ჯოჯოხეთი დატრიალდება ქვეყანაში - 2000-იანი წლებისფონიჭალის დროსამოთხე იქნება მაგასთან შედარებით“.

ნარკომანს რამე ეშველება? ჩემი უბნის ბირჟისსასტავითთუ ვიხელმძღვანელებთ - არა. დაახლოებით 20-მდე ნარკოდამოკიდებულს ვიცნობ და აქედან მხოლოდ ერთია ყოფილი, რომელსაც თითქმის 15 წელია არანაირი ნივთიერება არ მოუხმარია და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. დანარჩენები დღემდე მოიხმარენ, ნაწილი ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, „ოვერდოზითგარდაიცვალა და .. მათ შორისაც არიან ვისთანაც ბავშვობა მაქვს გატარებული და პიროვნების მსგავსი დეგრადაცია არ ვიცი კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს. საშინელებაა როცა უყურებ ადამიანს და ხედავ რომ მისგან აღარაფერი დარჩა. მეცოდებიან, მაგრამ მათი არჩევანია ეს, ჰქონდათ არჩევანი არ გაჰყოლოდნენ ამ გზას. ისე, ამ სახელმწიფო პროგრამებმაც ბევრს უშველასავით, ისებომჟურადაღარ არიან, როგორც ეს ადრე ხდებოდა“.

დაგვეთანხმებით, მძიმედ მოსასმენია ეს ყველაფერი. მაგრამ რეალობას თვალებში თუ არ ჩავხედეთ და შესაბამისი დასკვნები არ გამოვიტანეთ, საშველიც არ გვექნება.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ (იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით) 2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

„2023-2030 წლების ნარკოპოლიტიკის ეროვნული სტრატეგია ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სტანდარტებზე, სრულ შესაბამისობაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან და ნარკოტიკების თაობაზე ევროკავშირის 2021-2025 წლების სტრატეგიასთან“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საბჭოს სხდომაზე ასევე დამტკიცდა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დაბალანსებული და ოთხსვეტოვანი ნარკოპოლიტიკის (პრევენცია, მკურნალობა/რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება და მიწოდება/მოთხოვნის შემცირება) მიდგომებს იზიარებს და უზრუნველყოფს 8 წლიანი ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციას.

შსს- მოწოდებული ბოლო ინფორმაციით, სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დააკავა, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „მეტადონი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა პვპ“, „ლირიკა“, „კეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „LSD“, „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეკანაფი“, ასევე, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა მოქმედი ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყვნენ უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები.

დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. კერძოდ, ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკის შეძენით დაინტერესებულ პირებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-, 19-260-, 261-, 263-, 265-, 273-, 273- პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს- ინფორმაციაში.

ნარკოლოგიური კლინიკანეოგენისდირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია გვეუბნება, რომ ქვეყანაში დაახლოებით 50 ათასი მძიმე ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებელი, პრობლემური წამალდამოკიდებული პირი გვყავს. მისივე ინფორმაციით, ჯამში 180 ათასი კანაბინოიდების, მარიხუანის მომხმარებელია:

პროცენტულად მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, რუსეთისა და სეიშელის კუნძულების შემდეგ. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. ნებისმიერ შემთხვევაში ორი ფაქტორი მუშაობს, მოთხოვნა და მიწოდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების მოწოდებაც მაღალი გვაქვს და მოთხოვნაც. ორივე შემადგენელი სინერგიულად მოქმედებს და რაოდენობის ზრდას იწვევს“.

ჩვენი რესპონდენტი ექიმი .. სააფთიაქო ნარკომანიის მნიშვნელოვანი შემცირების დადებით ფაქტორს გამოყოფს. მისივე დაკვირვებით, რაღაც დოზით კიდევ არსებობს, მაგრამ რაც 10-12 წლის წინ იყო, ის მასშტაბები აღარაა:

საქართველოში უზარმაზარი მოცულობის სააფთიაქო ნარკომანია გვქონდა, ისეთ პრეპარატებზე მავნედ მოხმარების ფაქტები, მსგავსი მსოფლიოში იშვიათად იყო აღწერილი. საუბედუროდ, ამაზე რეაგირება არ ხდებოდა. თუ გახსოვთ .. ნიანგი, კოაქსილი, კუსტარული სტიმულატორები, ჯეფი, ვინტი და ..... არც მინდა ჩამოვთვალო ბევრი სხვა პრეპარატი, რომელთა მავნე გამოყენება ფართოდ ვრცელდებოდა. მისასალმებელია, რომ მათი მასშტაბები შევამცირეთ.

პოლიტიკის გამკაცრებასთან კავშირშია. შესაბამისი ინსტრუქტორები უფრო გულისყურით თვალს ადევნებენ ამ სააფთიაქო ბაზარს - არ გამოგვეპაროს პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა დამოკიდებულება გამოიწვიოს. ასევე, შემცირებულია .. ბიოს მოხმარებაც. თუმცა გაზრდილია ჰეროინის, მეტადონის, ბუპრენორფინის გამოყენება. რასაკვირველია, ეს ბოლო ზრდა მარიხუანასაც შეეხება“.

საინტერესოა, კონკრეტულად მარიხუანის მიმართ დარგის პროფესიონალის დამოკიდებულება როგორია. დავით ვადაჭკორია ამბობს, რომ ამ სფეროში 5-6 წლის წინ დაწყებულმა ლიბერალიზაციის პროცესმა მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია როგორც მოზარდებში, „თქვენ წარმოიდგინეთ ასაკოვან ხალხშიც“. მისივე აღნიშვნით, ტენდენცია მიდის სტაბილიზაციისკენ, რადგან ბევრი ხვდება დამანგრეველ შედეგებს, რასაც მარიხუანის მოხმარება იწვევს:

ჩვენთან მოდის ბევრი სტუდენტი, სკოლის მოსწავლე და აფიქსირებენ, რომ სწავლა გაუჭირდათ, მასალის ათვისება, მეხსიერება დაუქვეითდათ, ემოციურები-დეპრესიულები გახდნენ... მოდიან მომხმარებლები, რომლებიც  ათვითცნობიერებენ იმ ვნებას, რაც მათ მარიხუანის მოხმარებამ მიაყენა. ეს ტენდენცია თანდათანობით გამოკვეთილი ხდება. წარსულს ბარდება ის მიდგომა, თითქოს კანაფის გამოყენება საზიანო და საშიში არ არის.

გამოსავალზე ველოსიპედის გამოგონება არ გვჭირდება. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამუშაო-პრევენციული ღონისძიებების დანერგვა და გატარება. რეალურად, მეცნიერულად ახსნა, გასაგებ ენაზე მიწოდება, თუ რა შედეგებს იწვევს მოხმარება. იმის მოლოდინი, რომ ამის გარეშე შევამცირებთ მომხმარებლის რიცხოვნობას და ტენდენცია კლებისკენ წავა, ძნელად წარმოსადგენია. უპირველესი პრევენციაა, რომ მომხმარებლის რაოდენობა შევამციროთ.

მეორე საკითხია როგორ ვმართავთ უკვე დამოკიდებულ პირებს, რამდენად სწორად ვთავაზობთ სერვისებს და მკურნალობას; რამდენად სწორად ორგანიზებულია იგივე სარეაბილიტაციო მკურნალობა ქვეყანაში, რაც პრობლემატურია. დიდი ინვესტიციები სჭირდება ამ საქმეს. არადა, უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა. ერთია ეკონომიკური პრობლემები - სიღარიბე და სიდუხჭირე, ტერიტორიული მთლიანობა და მესამე წამალდამოკიდებულება, რომელიც ფაქტობრივად ერის გენეტიკურ ფონდს გვინადგურებს. პირველი ორი რად გვინდა, თუ ეს მესამე საკითხი არ მოგვარდა? და რომელი უფრო მწვავეა დღეს ქვეყანაში, რთულად სათქმელია. სამწუხაროდ, მდგომარეობის დამძიმების ტენდენცია ისევ შეინიშნება. მთელ მსოფლიოში ასეა, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ერისთვის ათმაგად უფრო მძიმეა ეს რეალობა“.

რა მდგომარეობა გვაქვს ნარკოდანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით? ექიმი  გვეუბნება, რომ ქვეყანაში პრევენციის მწყობრი სისტემა არ არსებობს. მისივე თქმით, პრევენციას აზრი აქვს, როცა ამას ადრეულ ასაკში იწყებ - „ვატარებთ ამ ღონისძიებებს სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში საკმარისად? სამწუხაროდ არა“:

გამოყოფილი გვაქვს სკოლაში მოწყვლადი ჯგუფები, სადაც რისკი მაღალია, ვმუშაობთ ამ ჯგუფებზე? სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ. ყველაზე დიდი პრობლემაა და არამხოლოდ დედაქალაქში. რეგიონებშიც ფართოდ შეაღწია. იგივე სოფლის მოსახლეობაში, ახალგაზრდებში, დაბებსა და რაიონებში პრობლემა უკვე მწვავედ დგას. ქმედითი საპრევენციო ღონისძიებების  ორგანიზების გარეშე რთულია სასურველი შედეგები მივიღოთ.

რა უშლის ხელს ამის ორგანიზებას? ამ პრიორიტეტის კარგად გათვითცნობიერება. კი, ყველა ხელისუფლებას და მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ამ პრობლემასთან მიმართებაში შეურიგებელია, მაგრამ სისტემის დამუშავება ვერაფრით მოხერხდა; იმ დონეზე, რომ სიტუაციის შემდგომი დამძიმებისგან დაგვაზღვიოს. პრევენცია ერთი მომენტია, რომელმაც უნდა მოგვცეს შედეგი, რომ ქვეყანაში ნარკოტიკზე მოთხოვნა შემცირდეს. მეორე პრობლემაა, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის. სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ეს მომენტიც გასათვალისწინებელია. სამწუხაროდ, დღეს ზოგიერთ რეგიონში მთელი ანკლავები გვაქვს, სადაც ამ ნარკოტიკების გასაღება ხდება. კი იჭერენ ათეულობით გამსაღებელს, მაგრამ მის ადგილზე ოცეული ჩნდება. ამ პრობლემას ვერაფრით მოვერიეთ.

ამიტომ დროა საქართველოში უკვე პრემიერის პატრონაჟით შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო შსს-, ჯანდაცვის მინისტრის, სპეციალისტების შემადგენლობით; რომელიც მწყობრად დადებს პროგრამას, თუ როგორ შევამსუბუქოთ, ვმართოთ ქვეყანაში ეს ურთულესი პრობლემა. დღესვე რადიკალური ზომები თუ არ გავატარეთ, ქვეყანაში წამალდამოკიდებულების გაახალგაზრდავება მიმდინარეობს. 15-16-17 წლის მოზარდებშია უკვე შემთხვევები. გოგონებში გვხვდება, რაც ადრე ნაკლებად იყო, ქალბატონებში გავრცელდა უფრო მეტად. ასაკიც უკვე უმნიშვნელო გახდა. გვყავს პაციენტები, რომლებმაც 50-60 წლის ასაკში დაიწყეს ნარკოტიკების მოხმარება.

მწყობრი სისტემით, უშუალოდ პრემიერის პატრონაჟით უნდა მოხდეს ამ კომისიის შექმნა, შსს- და ჯანდაცვის მინისტრების თანათავმჯდომარეობით, რათა ქვეყნისთვის რეალურად პრიორიტეტი გახდეს. ამასთან შედარებით დანარჩენი პრობლემები უმნიშვნელოა არსებული მასშტაბებიდან გამომდინარე“.

კითხვაზე, დღეს მოქმედი უწყებათაშორისი საბჭო რატომ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, ვადაჭკორია ხაზს უსვამს, რომ მასში პირველი პირები უნდა მონაწილეობდნენ და რეგულარულად ხვდებოდნენ, რათა საზოგადოებამაც გაიაზროს რამხელა გამოწვევასთან გვაქვს შეხება.

მისივე ინფორმაციით, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის (დახმარების) სერვისებში დაფინანსება თითქმის არ გვაქვს, - უმნიშვნელოვანესი რეაბილიტაციის პროცესი მაინც კერძო ინიციატივის დონეზე რჩება, რაც ძვირადღირებულია. ექიმი ამბობს, რომ ამ კუთხითაც მუშაობა უნდა დაიწყოს და ნაბიჯები გადაიდგას:

თუ მომხმარებელს შესაბამისი სერვისი არ მივაწოდეთ, შედეგს ვერ მივიღებთ. უამრავ მომხმარებელს ხაზს ვერ გადავუსვამთ და შეძლებისდაგვარად საზოგადოებას უნდა დავუბრუნოთ. მე არ ვლაპარაკობ დეტოქსიკაციაზე, ხაზს ვუსვამ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. ხოლო მკურნალობის წარმატება პირდაპირ პროპორციულია მის ხანგრძლივობასთან. ეს გარკვეულ ეტაპებს გულისხმობს. სარეაბილიტაციო კომპონენტი - პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სოციალური, ფიზიკური-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია თუ არ მოხდა, ამ ადამიანებს ბოლომდე დავკარგავთ. ხოლო ინტეგრაცია რეაბილიტაციის გარეშე შეუძლებელია.

პროცესი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით რეზიდენტული სარეაბილიტაციო ცენტრები. პაციენტი საზოგადოებაში რომ დაბრუნდეს, გარკვეული ფილტრი უნდა გაიაროს. ბევრისთვის ეს გზა უბრალოდ აუცილებელია. გარკვეული ხანი იყოს იქ ადგილზე ექიმის, ფსიქოლოგის დახმარებით, რათა მისი საზოგადოებაში დაბრუნება-რეინტეგრაცია ნაკლებად მტკივნეულად მოხდეს. ახლა წარმოიდგინეთ, პიროვნების იქ ცხოვრება, კვება-შენახვა რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ თუ არ დავიწყეთ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა... მერე შეიძლება ამას კერძო ინიციატივებიც შეუერთდეს, მას შემდეგ, რაც გადაუდებელ პროცესს სახელმწიფო დაიწყებს. საქველმოქმედო ფონდები ჩაერთვებიან და ..

ბევრგან რეაბილიტაციის კომპონენტს სახელმწიფოს გარდა ძირითადად საქველმოქმედო ფონდები აფინანსებენ, რადგან ეს სფერო ნებისმიერი ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად უნდა დაიწყოს, რათა ამ ხალხს ხაზი არ გადავუსვათ.

დიახ, პრევენცია აუცილებელია, უმნიშვნელოვანესია, რათა ამ პრობლემით ახალგაზრდების ნაკლები მოდინება მოხდეს. მაგრამ ვინც უკვე გვყავს, ათეულ ათასობით ადამიანი, მათაც სჭირდებათ მართვა, შეძლებისდაგვარად რეინტეგრაცია, საზოგადოებაში დაბრუნება - ამისთვისაც ბევრი რამ გასაკეთებელია. ამიტომ ქვეყნის პრემიერის ქოლგის ქვეშ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რათა პრობლემის ჟღერადობა, სოციალური მნიშვნელობა გაიზარდოს, საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს. პრობლემა რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა გაჟღერდეს და იმართოს; რადგან წლებია ვუყურებთ და გაუმჯობესების ტენდენცია არ არის.

ვიმეორებ, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა - შევამცირეთ სააფთიაქო ნარკომანია, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ქვეყანაში მოწოდება კვლავ მაღალ ნიშნულზეა, მოთხოვნაც მაღალია, მოზარდებში, ახალგაზრდებში ფართოდ მოდებულია და მართვასაც უკვე სხვა მაღალ დონეზე მოითხოვს“.

კითხვაზე, დღევანდელი ჩვენი ნარკოპოლიტიკა მაინც მომხმარებლის დასჯაზეა უფრო ორიენტირებული, თუ ზიანის შემცირებაზე, ნარკოლოგი განმარტავს, რომ ქვეყანაში გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები გვაქვს, „მაგრამ ასეც ნამდვილად არ არის ვთქვათ, რომ სახელმწიფო მომხმარებელს ებრძვის და მძიმე რეპრესიებში ამყოფებს“:

ამ კუთხით ქვეყანაში გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდა, მაგრამ საკანონმდებლო დონე ჯერ კიდევ დასახვეწია. შედარება არაა ძველ პერიოდთან, როცა ათასობით ნარკომომხმარებელი ციხეში იჯდა. ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის გარკვეული ელემენტები სახეზეა, რასაც საკანონმდებლო განმტკიცება სჭირდება. მთავარია, ჩვენ მომხმარებელს არ ვებრძვით, კიდევ უფრო ჰუმანურად უნდა მოვექცეთ, ვათვითცნობიერებდეთ, რომ ადამიანი ამ პრობლემითაა, წამალდამოკიდებულება გარკვეული დაავადებაა და არ შეიძლება მის გამო ციხეში გაუშვა. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩაჯდება. მაგრამ ქვეყანა, რასაკვირველია, შეურიგებელი უნდა იყოს გამსაღებლის მიმართ და სახელმწიფოს ამ ბალანსის დაჭერა უნდა შეეძლოს. ხოლო ეს პოლიტიკა საკანონმდებლო დონეზე უნდა გაძლიერდეს განმტკიცდეს“, - დასძენს დავით ვადაჭკორია.           

რა იწვევს ადამიანებში ფსიქოაქტიურ ნივთიერების მოხმარებაზე დამოკიდებულებას? „მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტისდამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი გვეუბნება, რომ ორი ფაქტორია - როგორ მიდის ადამიანი ნარკოტიკამდე და შემდგომში დამოკიდებული როგორ ხდება. მისივე დაკვირვებით, შეიძლება სრულიად უწყინრად კლუბში მიხვიდე, შემთხვევით გასინჯო (მაგალითად, მეგობარს ჰქონდეს) ისე, რომ მანამდე არც კი გქონდეს ფიქრი და მოტივაცია:

რეალურად, ეს არის სიამოვნებაზე დამოკიდებულება. ადამიანში ვნების სპეციფიკურ განცდას, შეგრძნებას იწვევს, ენდორფინებს მაშინვე ენაცვლება. შესაბამისად, აღნიშნულ სიამოვნებაზე დამოკიდებული ხდება. მერე ეს საშუალება მუდმივად ერთი და იმავე სიამოვნებას ვერ გვძლევს, რის გამოც დოზების მატება მიმდინარეობს. შემდეგ, უკვე სრულიად საპირისპირო შედეგს ვიღებთ. ხელოვნურად ამდენი ენდორფინის გამოყოფა მერე დიდ სიცარიელეს იწვევს. ნარკოტიკის მოქმედებიდან გამოსულ ადამიანს .. ლომკა ეწყება. როგორი ფსიქოსომატური გამოხატულება აქვს ამ ყველაფერს - სხეულში ტეხა, მტვრევა, ნერვული აღგზნებადობა... ეს ყველაფერი ტვინში ბიოქიმიურ მოვლენებს ცვლის.

ერთი ნევროლოგი მიყვებოდა ამ პროცესის მონიტორულ დაკვირვებაზე - ტვინში ისეთივე აფეთქებები მიმდინარეობს, როგორც მაგალითად ინსულტის დროსაა. წარმოიდგინეთ, ახლა რა ხდება ადამიანის ტვინის უჯრედებში. რასაკვირველია, ეს დამოკიდებულება უკვე ცალსახად ფსიქოლოგიურია. სიამოვნება, რომელსაც ეჯაჭვები და შენთვის სამყაროს ცენტრი ხდება, ყველაფერზე აღმატებული, რის გამოც ყველა დანარჩენი აზრს კარგავს. ნარკოტიკის გარეშე ვეღარ ერთობი, მეგობრებთან ვეღარ საუბრობ და .. მის გარეშე სრულიად დაცარიელებული ხარ და  იფიტები“.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ აღნიშნულ დამოკიდებულებას პიროვნების სრულ მოშლამდე და ჩამოხლეჩამდე მივყავართ. მისივე თქმით, ხშირად ეს ვლინდება როგორც დეპრესია და ფსიქოზი - ზოგჯერ ადამიანი სრულ არაადეკვატურობამდე არის მისული, გარემოსგან მოწყვეტილია:

შესაბამისად, შეიძლება ჰალუცინაციებიც დაეწყოს. ასევე, გააჩნია კონკრეტულად რომელ საშუალებას იღებს - ქვეყანაში იმდენი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკია შემოსული, ვეღარ ხვდები რომელს იღებს და რას იწვევს ეს ყველაფერი. ხშირად ადამიანი გაუგებრად ლაპარაკობს, წონასწორობის შენარჩუნება უჭირს და ფსიქოსომატური პროცესების მოშლამდე არის მისული. პიროვნების ცენტრთან კონტაქტის დამყარება რთულდება.

დღეს მოხმარება ყველაზე აქტიურად მაინც კლუბებში ხდება.

ვმუშაობ ყოფილ მომხმარებლებთან, რომლებმაც თავი დაანებეს. კერძოდ, „ენეი საქართველოსბენეფიციარებთან მქონდა ხშირი შეხვედრები. მოყოლისას ამბობენ, რომ მათთვის სამყაროში უკვე აღარაფერი არსებობდა ნარკოტიკების გარდა; იშლება ყველანაირი ემოციური კავშირი ადამიანებთან - ხარ აღგზნებული, გაღიზიანებული, უკვე სულ ერთია, რა ხდება შენს ირგვლივ; და ამ დროს ნარკოტიკი უნდა გქონდეს, როგორც ლამის ერთადერთი მაცოცხლებელი რამ. შესაბამისად, ადამიანი ხდება გულგრილი საკუთარი საქმის, სპორტის, მეგობრების, სიყვარულის, ნებისმიერი სხვა ადამიანის მიმართ; მოქმედებს სექსუალურ პოტენციაზეც და მოკლედ, პიროვნების ჩამოშლამდე მივყავართ. უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობაა.

ადამიანები, რომლებიც პრობლემას აღიარებენ, შესაძლებელია განკურნების გზებზეც ვისაუბროთ. მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებიც თვლიან, რომ პირიქით გარკვეული ტიპის ნარკოტიკი ეხმარებათ, კონკრეტულ საქმეში რაღაც მოტივაციას აძლევთ. აქ ჩარევა, რაღაცით დახმარება  რთულდება.

მოკლედ, ადამიანი სრულიად არაპროდუქტიული ხდება, რაც ავადობის გამწვავების მაჩვენებელია“.

- როგორ უნდა შევამციროთ ქვეყანაში ნარკოტიკებზე ასეთი დამოკიდებულება, სად არის გამოსავალი დღევანდელი მდგომარეობიდან?

- ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ დღეს საქართველოში .. ბარიგობა ლამის მოდურად არის მიჩნეული. ნარკოტიკის გამყიდველები, ხშირად თითქოს ცნობადი სახეები და სხვებისთვის ავტორიტეტები არიან. თუნდაც იდეოლოგიურად ეს მოდურობა ძალიან გაუმართლებელი და დამღუპველია.

ასევე,  მოდური, კლუბური ნარკოტიკების მიღებაზე არავინ ფიქრობს, რომ რეალურად ეს არის დამოკიდებულება. ფიქრობენ, რომ მხოლოდ გართობაა ელექტრონულ მუსიკასთან ერთად, სადაც თავისუფლებაში ცურავ და თითქოს განსხვავებულ ჰორიზონტზე გადის შენი ცნობიერება. უპირველესად, ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ ასე არ არის; მხოლოდ მათი წარმოსახვის ნაყოფია, რომელსაც შემდგომში ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს.

კიდევ ერთს ვიტყვი - ადამიანების უმეტესობა დაუსაქმებელია, თითქოს არაფერს აკეთებენ,  მოტივაცია არ გააჩნიათ. ქვეყანაში სხვადასხვა დარგები უნდა ვითარდებოდეს, რომ მოქალაქეებს ასპარეზი მიეცეთ; რადგან ხშირ შემთხვევაში მოხმარებას იწვევს უსაქმურობა, ელემენტარული მოტივაციის უქონლობა. ანდა, თითქოს რაღაცას საქმიანობ და შედეგი არაფერი გაქვს; მაინც არაფერი გიფასდება და არაფერი გაგაჩნია. საბოლოო ჯამში, ხომ მუდმივი სტრესისგან გარბიხარ ნარკოტიკებში, მძიმე ყოფისგან გარბიხარ, რომელიც გაკრავს.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ცალსახად კავშირშია იმ თვალსაზრისით, რომ მოხმარების ამხელა მასშტაბები არ გვქონდეს ამ ერთ ციცქნა ქვეყანაში. ადამიანებს ამდენი თავისუფალი დრო არ ჰქონდეთ და არ იცოდნენ როგორ გამოიყენონ. პირიქით, მოტივირებული იყვნენ, რომ ახალი ისწავლონ, გააკეთონ, რაღაცით დაკავდნენ, რასაც მათივე მომავლისთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.  

ამ პროცესში ფსიქოთერაპიაც თავის სიტყვას ამბობს. არის დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია ადამიანები დახმარებისთვის მივიდნენ. იგივეენეი-ში“, ანონიმური ყოფილი ნარკომანების ჯგუფში ყველ ერთმანეთს ეხმარება, საკუთარ ამბებს უზიარებენ...

ამ ადამიანებთან შეხებისას ხვდები, რომ უმეტესობა ყოფიერების სიცარიელეს ვერაფრით ავსებს. თითქოს რაღაცას აკეთებს, მოტივაციით შრომას იწყებს, რაც არ უფასდება. მისთვის სპორტში არაფერი ხდება, მუსიკოსია და განვითარებას ვერ ხედავს, სადაც ჩაერთვება და შედეგს მიაღწევს. დღეს ადამიანის, ზოგადად სოციუმის ცხოვრებაში ურთულესი პროცესები მიდის, გააზრებას და გათვალისწინებას მოითხოვს. მეორე მხრივ, მაქვს შემთხვევები, როცა ადამიანები უცხოეთში წავიდნენ და დღესაც იქ ცხოვრობენ. საკუთარი თავის რეალიზაციით ნარკოდამოკიდებულებაც შეწყვიტეს. ადამიანებს აქვე, საკუთარ  ქვეყანაში რეაბილიტაციის საშუალება უნდა მიეცეთ“, - დასძენს ნონა ხიდეშელი.  

სოციალური სამართლიანობის ცენტრისწარმომადგენელი გურამ იმნაძე ამბობს, რომ ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა და საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად.

,,სახელმწიფოს მხრიდან კვლავაც არ ტარდება სისტემური რეფორმები იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დაბალანსებული. ამ პირობებში, კვლავაც წამყვანი ხაზი ისევ დასჯაზე, მკაცრი კანონმდებლობის აღსრულებაზე მოდის. ქვეყანა არის მოწყვლადივგულისხმობთ, მაგალითად, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც უფრო მარტივად შეიძლება იწარმოებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათი გავრცელება ბევრად უფრო ადვილია. ამიტომაც ძველი, გავრცელებული, სტანდარტული, საპოლიციო, სამართალდაცვითი მექანიზმები, ხშირ შემთხვევაში, ისეთი ეფექტური არ არის ხოლმე ამ ნივთიერებების და პრობლემების მიმართ”, - აცხადებს იმნაძე.

რომ შევაჯამოთ - დღეს საქართველოში მართლწესრიგის ოფიცერი და .. „კრიმპოლიმარიხუანის მწეველს თავქუდმოგლეჯილი აღარ დასდევს სამკვდრო-სასიცოცხლოდ, რაც უკვე ცალსახად მისასალმებელია. საზოგადოება შეთანხმდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი დამნაშავე არ არის, ავადაა და სათანადო მკურნალობა სჭირდება. მეორე მხრივ, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გასაღების ერთგვარი ბუმი (ზოგიერთ რეგიონში განსაკუთრებით) კატასტროფისკენ მიგვაქანებს.

საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და თუნდაც ამ მტკივნეულ სფეროში ნაჯახისებრი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება შეუძლებელია. გამოსავალი ისევ და ისევ ზიანის მაქსიმალურად შემცირებასა (მეტი რესურსების გამოყოფას მოითხოვს) და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშია. ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის მიღება ქვეყანას ახალ შანსს აძლევს პროგრესული ნაბიჯებისკენ. დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები სრულად დაცული უნდა იყოს, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები მხოლოდ ამ გზით გავხდებით.  

გელა მამულაშვილი

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია