მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს სამხედროები უკრაინიდან? - რადოსლავ სიკორსკი რომის პაპს - 10 მარტი 2024

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რომის პაპის განცხადებას ეხმაურება.

სიკორსკის შეფასებით, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა მოუწოდოს უკრაინიდან საუკუპაციო ჯარების გაყვანაზე.

„რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან?“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

სიკორსკი ასევე აღნიშნავს, რომ თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გამოიყვანს, მაშინ მშვიდობა მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე დადგება.

რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები“ ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპის რეზონანსული ინტერვიუს შემდეგ ვატიკანში განმარტება გააკეთეს. ვატიკანში ამბობენ, რომ პაპი არა კაპიტულაციას, არამედ იმას გულისხმობდა, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს.

„პაპი იყენებს ტერმინს „თეთრი დროშა“ ინტერვიუერის საპასუხოდ, რაშიც ის გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტის და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობას. პაპმა მკაფიოდ თქვა, რომ მოლაპარაკებები არასდროს ნიშნავს დანებებას“, – ამბობს ვატიკანის პრესმდივანი მატეო ბრუნი.

რომის პაპის ინტერვიუს შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ამ ინტერვიუში ჟურნალისტი პაპს ეკითხება: „უკრაინაში არიან ისეთებიც, რომლებიც გამბედავად დანებებისკენ მოუწოდებენ, „თეთრი დროშის“ აღმართვისკენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ძლიერის ლეგიტიმაციას ახდენს, თქვენ რას ფიქრობთ?“ ამ შეკითხვაზე რომის პაპის პასუხი ასეთი იყო: „მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ისაა, ვინც აფასებს სიტუაციას, ვინც ფიქრობს ხალხზე, რომელსაც აქვს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები, დღეს ასეთი მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია საერთაშორისო ძალებით. სიტყვა მოლაპარაკებები გამბედავი სიტყვაა, როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე კარგად არ მიდის, შეგიძლია გქონდეს გამბედაობა და აწარმოო მოლაპარაკებები“, – თქვა რომის პაპმა ინტერვიუში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია