მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში? - 21 დეკემბერი 2024

„როგორც ჩანს აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის დროს ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებსაც უნდა შეხვედროდა და მათთვის წიგნები ჩაეტანა“

აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ დელეგაციას საინგილოში მიღებაზე უარი ისე უთხრა, რომ ამის მიზეზი წესიერადაც არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა, რასაც სამწუხაროდ ახდენა არ ეწერა.   

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2020 წლიდან კოვიდპანდემიის დაწყებისთანავე სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა და ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ საჰაერო გზა გამოიყენება. ასეთმა რეალობამ ჰერეთის ქართველებიც გატანჯა - თვითმფრინავით ასტრონომიული თანხების (150-200 ევრო) გადახდა უწევთ და ამას პლუს, დამქანცველი მგზავრობა ბაქოდან უკიდურესი დასავლეთით მთელი ქვეყნის ტერიტორიის გავლით. ამის გამო კუთხეში ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულ გიორგობაზეც ერთეულები თუ ჩადიოდნენ.

განსხვავებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციისგან, რომელიც აქამდე მაინც ახერხებდა წინასწარი შეთანხმებით სახმელეთო გზით გადასვლას საინგილოში.

საინგილოს მკვლევრის, ჟურნალისტ სერგო კერესელიძის ინფორმაციით,  საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, 22-23 ნოემბერს დაგეგმილი იყო ქართული დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში. დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებელი ქართველი მომლოცველების ნაწილსაც ეძლეოდა შესაძლებლობა ლაგოდეხი-ბელაქნის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი სპეციალური კოდით და წინასწარ შეთანხმებული სიის საშუალებით გადაეკვეთა და გიორგობის დღესასწაულის  შემდეგ იგივე გზით დაბრუნებულიყო საქართველოში.

„სამწუხაროდ, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაურკვეველი მიზეზებით ჩაიშალა აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების მხრიდან არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო.

23 ნოემბერს კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრებში გიორგობის დღესასწაულზე შეხვედრა ვეღარ შეძლეს საქართველოს და აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებმაც, ვინც სპეციალური კოდებით, ლაგოდეხი-ბელაქნის საზღვრით უნდა გამგზავრებულიყვნენ კახის რაიონში. სამწუხაროდ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და სამღვდელოებამაც ვერ შეძლო კახში ჩასვლა და მართლმადიდებელი ქართველებისთვის გიორგობის დღესასწაულის მილოცვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საინგილოს უნდა სწვეოდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც“  - ამბობს სერგო კერესელიძე.

ჩვენ სერგო კერესელიძეს ამ ჩაშლილ ვიზიტზე უფრო მეტი განმარტება ვთხოვეთ.

„22 ნოემბერს, დილის 11:34 წუთზე საინგილოს ფეისბუქის ჯგუფში (და შემდეგ სხვა ჯგუფებშიც გავაზიარე) გამოქვეყნებული ჩემი პოსტიდან პირველად შეიტყვეს ეს სამწუხარო ამბავი ამ კუთხის მცხოვრებლებმა და მათაც, ვინც გამზადებული ელოდებოდა კოდს ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრის გადასაკვეთად (იმავე დღეს, რამდენიმე საათში, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსზე“ გამოქვეყნდა ჩემი სტატიაც ამ თემაზე - „ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში ჩაიშალა“). მიუხედავად იმისა, რომ 21 ნოემბერს საღამოს ჩემთვის უკვე ცნობილი გახდა ვიზიტის ჩაშლის ამბავი, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდი იმედს, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა და 400-ზე მეტი ქართველი (ვინც სიაში იყო) გიორგობის დღესასწაულზე კახში შეხვედრას შევძლებდით.

სამწუხაროდ, საინგილოში, საქართველოს დელეგაციის სტუმრობა ჩაიშალა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალური წერილი აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ კიდევ ოქტომბერში გაეგზავნა. 21 ნოემბერს ვიზიტის წინ შემდგარი კომუნიკაციისას, აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების მხრიდან არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო. როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული დელეგაცია ორდღიანი (გასულ წლებში დელეგაცია მხოლოდ გიორგობას სტუმრობდა საინგილოს) ვიზიტის დროს ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრებ ინგილო ქართველებსაც უნდა შეხვედროდა და მათთვის წიგნები და სხვა საჩუქრები (მათ შორის ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩოხები და ა. შ.) უნდა ჩაეტანა (ეს დეტალებიც აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტისთვის ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო ცნობილი).

ამასთან, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში ქართული დელეგაცია მრავალწლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა ჩასულიყო. როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ წინასწარ გაგზავნილ სიის მიხედვით, 404 მომლოცველსა და დელეგაციის წევრს უნდა გადაეკვეთა ლაგოდეხი-ბელაქნის დახურული საზღვარი (საზღვრის დახურვის შემდეგ, 2020 წლიდან დღემდე ეს უპრეცედენტო რაოდენობა იყო). აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, ქართული დელეგაციის ვიზიტი ზაქათალის, კახის, ბელაქნის რაიონებში და ჩვენს თანამემამულეებთან შეხვედრები უნდა გაეშუქებინა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფსაც.

საბოლოოდ, 23 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა და დიაკონმა ტარიელ ფოლადაშვილმა სადღესასწაულო წირვა აღავლინეს. საღვთო ლიტურგიას მხოლოდ ადგილობრივი მრევლი ესწრებოდა, რომლებიც ძალიან დაამწუხრა იმ ფაქტმა, რომ საქართველოდან სასულიერო პირებმა, სამთავრობო დელეგაციამ და მომლოცველებმა კახში ჩასვლა ვერ შეძლეს. თბილისიდან დღესასწაულზე კახში ჩასვლა მხოლოდ იმ ადგილობრივმა ქართველებმა მოახერხეს, რომლებმაც დიდი გზა (თბილისი-ბაქოს ავიარეისით მგზავრობა და ბაქო-კახის 6 საათიანი დამქანცველი გზა) გაიარეს და საკმაოდ დიდი თანხები დახარჯეს.

წირვას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე, ქ. განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე, საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები. კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული პირადად მიულოცა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუსა შექილიევმა.

საღვთო ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ქართველმა მართლმადიდებლებმა და აზერბაიჯანში აკრედიტებულმა ქართველმა დიპლომატებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს. მამა პეტრემ და მამა ტარიელმა ქურმუხის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს და მრევლს გიორგობა მიულოცეს.

ცნობისთვის, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მოსახლეობა 11 ათასზე მეტია (დაბის მოსახლეობის 98%-ზე მეტი ინგილო ქართველია). ალიაბადში თავის დროზე, 1938 წლის იანვარში 4 ქართული სკოლა გაიხსნა და ამ 4 სკოლიდან დღეისათვის მხოლოდ 1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი. სოფელი მოსულიც დაბა ალიაბადთან ახლოს მდებარეობს და იქ 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. მოსულში გასული წლის სექტემბერში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, უმაღლესი დონის სკოლა აშენდა (მსგავსი სკოლა მთელ აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმეა) და მის გახსნას აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევიც დაესწრო (მოსულშიც ქართული სკოლა 1938 წლის იანვარში გაიხსნა. დღეისათვის სკოლაში აზერბაიჯანული და ქართული სექტორები მოქმედებს). ადგილობრივი ჩვენებურების მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები მოსულის ახალი სკოლის გახსნას არ დაესწრნენ და იქ დღემდე არც კი ჩასულან, რაც მოსულში მცხოვრები ინგილო ქართველების გულისტკივილს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია ქართული დელეგაცია ზაქათალის რაიონის ქართველებს არ შეხვედრია. თავის დროზე მინისტრის რანგში ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს სტუმრობდნენ ირაკლი მენაღარიშვილი და ალექსანდრე (კახა) ლომაია. 1947 წელს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადს ესტუმრა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელი კანდიდ ჩარკვიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელი მირ ჯაფარ ბაგიროვი. 2019 წლის 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ზაქათალის სახელმწიფო აეროპორტში ჩაფრინდა. ზაქათალის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა ელჩი აზერ ჰუსეინოვი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ზაქათალის რაიონის ხელმძღვანელი მუბარიზ ეჰმედზადე და სხვა ოფიციალური პირები, ხოლო ტრადიციული აზერბაიჯანული ეროვნული სამოსით შემოსილმა გოგონამ სალომე ზურაბიშვილს ყვავილების თაიგული მიართვა. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის გამო ადგილობრივი მაგისტრალებიც გადაიკეტა და იმ დღეს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და მოსულში მცხოვრები ინგილო ქართველებიც, ისევე როგორც სკოლის მოსწავლეები სიხარულით ელოდნენ მის ვიზიტს და იმედი ჰქონდათ, რომ მათაც მოინახულებდა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი და მისი დელეგაცია ზაქათალიდან პირდაპირ კახის რაიონში გაემგზავრა და გზად მცხოვრებ ჩვენებურებს არ შეხვდნენ, რის გამოც მათ ძალიან დასწყდათ გული“, - განმარტავს საინგილოს მკვლევარი სერგო კერესელიძე.

 

ჰერეთის მკვიდრებს უკვე მერამდენედ დასწყდათ გული, რომ ქართულმა დელეგაციამ მათი მონახულება და ჭირ-ვარამის გაზიარება ვერ შეძლო. და ეს უმსგავსობა ხდება იმ ფონზე, როცა საქართველო და აზერბაიჯანი დეკლარირებულად სტრატეგიული მეგობრები არიან და ბაქოურ დელეგაციებს არასოდეს შეჰქმნიათ პრობლემა იმავე ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტისას. ცალმხრივი მეგობრობა კი ბუნებაში არ არსებობს და სწორი დასკვნების კეთება (შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა) უპირველესად ქართულ მხარს მოუწევს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია